რა საკითხებით დაინტერესდა პროკურატურა – არეშიძე კომენტარს აკეთებს

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს ქალაქის მთავარ პროკურატურაში ნახევარი საათის განმავლობაში კითხავდნენ. როგორც არეშიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, გამომძიებლებს კითხვები იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის მიერ საქართველოს დატოვებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
“მათ ასევე აინტერესებდათ ინფორმაცია ძალოვანების მონაწილეობის თაობაზე. ამ კითხვებზე ჩემი პასუხი იყო, რომ ეს ლოგიკური დასკვნებისა და, ზოგ შემთხვევაში, ფრაგმენტული ინფორმაციის შედეგია. ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ ჩვენ საუბარი დავასრულეთ”, – განუცხადა მამუკა არეშიძემ.
დაახლოებით ნახევარსაათიანი დაკითხვის შემდეგ არეშიძემ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. მანვე მკვლელობის საქმეში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მონაწილეობაზეც ისაუბრა. „მე მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ მკვლელობის შემკვეთები, ეს ის სიტუაციაა, როცა ზუსტად შემკვეთებისგან, მათი ზემდეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისაგან გაიხსნება ეს საქმე, რომელშიც ძალოვანების მონაწილეობის კვალი იკვეთება, – ყოფილის თუ ახლანდელის, ამას მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები