გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია 2015 წელს დავით ლორთქიფანიძეს გადაეცემა

6 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია 2015 წელს დავით ლორთქიფანიძეს გადაეცემა.
DVV International-სა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ერთობლივად დაწესებული გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ჟიურის გადაწყვეტილებით, 2015 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი დავით ლორთქიფანიძე გახდა. ჯილდო ყოველ წელს გაიცემა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.
ლაუდაციოს წაიკითხავენ პროფესორი გია დვალი (მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დეკანი და ჰუმბოლდტის პროფესორი, ასევე მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი) და პროფესორი გიუნტერ შაუერტე (პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი).
გერმანიიდან ასევე მოწვეულია გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რიტა ზიუსმუტი.
დავით ლორთქიფანიძე მეცნიერი, არქეოლოგი, პუბლიცისტი, მუზეუმის გენერალური დირექტორი და კულტურული მოღვაწეა. გერმანია, გერმანული მუზეუმები, გერმანული მეცნიერება და კულტურა მის საქმიანობაში, უკვე სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული,  დიდ როლს თამაშობდა. 1991 წელს დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით დაიწყო მაინცის რომაულ-გერმანული ცენტრალური მუზეუმისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ერთობლივი სამეცნიერო პროექტი, რომელიც დმანისის პალეოანტროპოლოგიურ ძეგლს იკვლევდა. სწორედ 1991 წელს აქ აღმოჩნდა ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბა, რასაც შემდგომში სხვა დიდი მნიშვნელობის აღმოჩენები მოჰყვა. ამ მონაპოვრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. მათ ადამიანის ევოლუციის კვლევაში ახალ თეორიებს დაუდეს საფუძველი. დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით 2007 წელს ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ანტიკური კოლექციების ალტეს მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „მედეას ოქრო – ახალი აღმოჩენები საქართველოდან“, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები