მთავარ პროკურატურაში სოსო რობაქიძე და ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე იმყოფებოდა. მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა საგამოძიებო უწყება, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამ დროისთვის უცნობი რჩება, თუ რა საქმეზე იყო დაბარებული სოსო რობაქიძე.
ასევე, ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები – მეუღლე და და მივიდნენ. ადვოკატის განცხადებით, ისინი პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს.
დღეს დილით პროკურატურაში იმყოფებოდნენ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებიც. როგორც გაგი მოსიაშვილი აცხადებს, მათ გაცვალეს ინფორმაცია გამომძიებლებთან. მისივე თქმით, საქმეში ახალი დეტალები იკვეთება.
„ჩვენ დღესაც გვქონდა გარკვეული სახის შეხვედრა გამომძიებლებთან. გარკვეული სახის ინფორმაცია გავცვალეთ, რომელიც ეხება საქმის უფრო ეფექტურ და ობიექტურობის ხარისხს. ხდება ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არსებული მონაცემების გაანალიზება. ახალი დეტალებიც იკვეთება, მუშავდება ეს ინფორმაცია. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება როგორც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან, ასევე ზურა ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით და მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ორივე საქმე გამოძიებული იქნება“,-განაცხადა ადვოკატმა.