პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტის წამყვანი ალენ დელონი იქნება

12 თებერვალს სპორტის სასახლეში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლისა და ქველმოქმედის, პაატა ბურჭულაძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომელსაც ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გაუძღვება. ამის შესახებ სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასის“ წარმომადგენლების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, „არტპალასის“ მოწვევით, საქართველოს 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი ესტუმრება.
საგანგებოდ იუბილისათვის სპორტის სასახლეში შენდება სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, განათებითა და გახმოვანებით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები: ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო თამარი (ალიბეგაშვილი), ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, თეონა დვალი და სხვები, ასევე, მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა.
სპეციალურად ამ დღისათვის გაერთიანდება ორი სიმფონიური ორკესტრი – ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორი მაესტრო უდირიჟორებს – ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი.
გარდა მომღერლებისა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ მოცეკვავეები და ნინო ანანიაშვილი, ოპერის საბალეტო დასთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები