ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი შევიდა
კონგრესმენების: ტედ პოს და უილიამ კიტინგის ავტორობით, ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი შევიდა. კონგრესმენები ნატოს მოახლოებულ სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ითხოვენ. როგორც პროექტის ტექსტშია აღნიშნული, წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისადმი და ცნობს იმ სარგებელს, რომელიც ნატოსა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას მოაქვს. ტექსტში ნათქვამია, რომ თანამშრომლობა ალიანსსა და საქართველოს შორის გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და კანონის უზენაესობის გამყარებას როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. წარმომადგენელთა პალატა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნების უფლებას, გააკეთონ საკუთარი არჩევანი. საგარეო პოლიტიკის პროექტში კონგრესმენები ნატოს წევრ ქვეყნებს ასევე სთხოვენ, რომ საქართველოს MAP-ი 2014 წელს ბრიტანეთში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე გადაეცეს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც, რომელმაც პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული შეხვედრა გახსნა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ე.წ. ომნიბუს შეხვედრის შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრები ამერიკული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქართული საინვესტიციო გარემო გააცნეს. ამით ოფიციალური ვიზიტის პირველი ნაწილი დასრულებულია. დღეიდან შეხვედრები ნიუ – იორკში იწყება.