გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი რიმანტას სინკიავიჩუსი მიიღო

გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი რიმანტას სინკიავიჩუსი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ლიტვის სამთავრობო დელეგაციის წევრის რანგში იმყოფება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრი აქვეყნებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრამ სამუშაო ვითარებაში ჩაიარა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები ტრანსპორტის, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების სფეროებში.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგას გააცნო ის მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო პროექტები, რომელთაც საქართველო ახორციელებს. მათ შორის, საუბარი წარიმართა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტზე. ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა, რიმანტას სინკიავიჩუსმა აღნიშნულის მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა და ქართულ მხარეს მსგავსი პროექტების განხორციელების საკითხში გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის პროექტის „ვიკინგისა“ და მისი სქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედების საკითხი. აღინიშნა, რომ პროექტ „ვიკინგის“ საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება საქართველოს გავლით ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების გადაზიდვა ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებისა და დასავლეთ ევროპის მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს და მოლაპარაკება გაგრძელდება.
ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ლიტვურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს აღნიშნული პროექტის განხორციელების საქმეში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ლიტვის სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ სფეროებში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები