თსუ-ს პროფესორი პლაგიატის გამო უნივერსიტეტიდან გაუშვეს – ნინო კიღურაძე სასამართლოში ჩივის

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ეთიკის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნინო კიღურაძე პლაგიატში ამხილა და უნივერსიტეტი დაატოვებინა. პროფესორი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივის. ის, რომ პლაგიატორობაში მხილებული პროფესორი ნინო კიღურაძეა, ამის შესახებ „კვირას“ თსუ-ს სტუდენტმა და სენატის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განუცხადა.
უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ „კვირასთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს პლაგიატის გამო შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, თუმცა რექტორმა მისი სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა. მიზეზად კი დაასახელა, რომ ინფორმაცია პერსონალურია და მას უფრთხილდება.
პაპავა „კვირას“ აღნიშნული ფაქტის სხვა დეტალებზე ესაუბრა. მისი განმარტებით, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში რამდენიმე პროფესორის შესახებ შევიდა განცხადება, რომ მათი ნაშრომი პლაგიატს შეიცავდა. კომისიამ ორი პროფესორის საქმე უკვე განიხილა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი პლაგიატორად ცნო. გარდა ამისა, პაპავას განცხადებით, ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე განცხადება განიხილება და მათზე დასკვნა ჯერჯერობით არ მომზადებულა.
„უნივერსიტეტში სხვადასხვა პროფესორის მიმართ შემოვიდა რამდენიმე განცხადება. ზოგიერთი საკითხი უკვე დასრულებულია, ზოგიერთი განხილვის სტადიაშია და მათზე კომისიას დასკვნა ჯერ არ წარმოუდგენია. ამ ეტაპზე აკადემიურ საბჭოზე გამოტანილი იყო ორი საკითხი. პირველი, ეს იყო ერთ-ერთი პროფესორის მიმართ ბრალდება, რომ მისი ნაშრომი შეიცავს პლაგიატს. დოკუმენტაცია გადაეგზავნა ეთიკის კომისიას, 10945059_1023959100965439_2143679400_nრომლის შემადგენლობა შეთანხმებულია აკადემიურ საბჭოსთან.
კომისიამ დაადგინა, რომ პლაგიატის ფაქტი არ არსებობს. ეს იყო ახალ წლამდე. აგრეთვე, განიხილებოდა მეორე საკითხი. კომისიამ ამ შემთხვევაში დაადგინა, რომ ერთმნიშვნელოვნად იყო პლაგიატი. რამდენიმე დღის წინ აკადემიური საბჭოს სხდომაზე პროფესორისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. აკადემიური საბჭოს დოკუმენტები გაფორმდება, ხელი მოეწერება და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს შეუწყდება ხელშეკრულება. გადაწყვეტილება პრინციპულად მიღებულია. ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. ახლა კიდევ განიხილება რამდენიმე საკითხი. აკადემიური საბჭო იმსჯელებს იმის მიხედვით, რა დასკვნას წარმოადგენს ეთიკის კომისია“, – განმარტა პაპავამ.
უნივერსიტეტიდან გაშვებული პროფესორი, ნინო კიღურაძე კი „კვირასთან“ მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს და პლაგიატის ფაქტს უარყოფს. იგი ვლადიმერ პაპავას „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელს უწოდებს.
როგორც კიღურაძე აცხადებს, მას 2006 წლიდან დევნიან, რადგან აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მოწინააღმდეგე იყო და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე ხმამაღლა აფიქსირებდა აზრს.
„ეს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრდა სასამართლოში. ეს ყველაფერი სრულიად უკანონოდ ჩატარდა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჩემი გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება ეთიკის კომისიის მიერ დადებული დასკვნის განხილვის გარეშე მიიღო. მთელი ეს პროცესი არის სრული ანაქრონიზმი. დასკვნა შეთითხნილია და ნაკერია „თეთრი ძაფით“.
ეს არის პოლიტიკური საკითხი, რადგან სამართლებრივი და სამეცნიერო-ეთიკური თვალსაზრისით სრული აბსურდია. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. ვლადიმერ პაპავა არჩეულია იმ საბჭოს მიერ, რომელიც არალეგიტიმურად იყო გამოცხადებული. მე დიდი ხანია მებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“. ვლადმიერ პაპავა არის მათი ინტერესების გამტარებელი. ის ხალხი, ვინც 2005 წლიდან მოყოლებული მოხვდა უნივერსიტეტში, არის „ნაცმოძრაობის“ აგენტი. ყველა ეს ადამიანი არალეგიტიმურად მოხვდა უნივერსიტეტში, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარგზავნილი კადრები იყვნენ. ეს ხალხი – ყველანი დღემდე ადგილზე არიან. ადმინისტრაციაში დასაქმებულების და პროფესორების დიდი ნაწილი ამ ნიშნით არიან მოხვედრილნი უნივერსიტეტში.
2006 წლიდან ვიდევნები. ხან მაბრუნებდნენ უნივერსიტეტში, ხან ისევ მაგდებდნენ პოლიტიკური ნიშნით. არ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭრი. ხმამაღლა გამოვხატავდი პროტესტს მათ წინააღმდეგ“, – აცხადებს კიღურაძე.
მისივე თქმით, ვლდამიერ პაპავამ მოძებნა ხერხი და პლაგიატში დადანაშაულებით იგი თავიდან მოიშორა. რაც შეეხება ნაშრომს, რის გამოც პროფესორი პლაგიატორად ცნეს, კიღურაძის განმარტებით, ეს არის სტუდენტებისთვის საკითხავი მასალების კრებული, რომელიც მან ასევე თსუ-ს პროფესორთან და, ამავე დროს, მის მეუღლესთან გიორგი სანიკიძესთან ერთად შეიმუშავა. თუმცა, მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ კალანდაძემ პლაგიატის თაობაზე განაცხადი მხოლოდ კიღურაძის სახელზე შეიტანა და პლაგიატორადაც მხოლოდ ის ცნეს.
„თეიმურაზ პაპასკირი „ნაცმოძრაობის“ ზონდერია, ე.წ. ჩანერგილი და კალანდაძე მისი ქვეშევრდომია“, – განაცხადა კიღურაძემ. ამასთან, კიღურაძემ კალანდაძეს და პაპასკირს თავადაც უჩივლა და მათ ასევე პლაგიატში დასდო ბრალი, თუმცა კალანდაძეს ნაშრომის მოპარვა არ დაუმტკიცდა, პაპასკირის საკითხი კი განხილვის პროცესშია. ნინო კიღურაძე უნივერსიტეტში აღდეგნას სამართლებრივი გზით აპირებს. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკურ საბჭოს მისი პლაგიატორობის თაობაზე დადებული დასკვა სასამართლოში გაასაჩივრა. საქმეზე სასამართლო სხდომა 9 თებარვალს არის ჩანიშნული. ვლადიმერ პაპავამ კი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ეთიკის კომისიას ენდობა და მათ კეთილსინდისიერებაში, შესაბამისად, დასკვნის სისწორეში ეჭვი არ ეპარებათ. ამასთან, რექტორი განმარტავს, რომ 2014 წლამდე უნივერსიტეტს პლაგიატთან ბრძოლის მექანიზმი არ გააჩნდა. შესაბამისი დებულება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, 6 -თვიანი მუშაობის შემდეგ, 2014 წლის ივნისში დაამტკიცა, ხოლო სენატმა ივლისში აამოქმედა.
„2014 წლის დასაწყისიდან უნივერსიტეტში დაიწყო ინტენსიური მუშაობა ამ მიმართულებით, მომზადდა პირველი დოკუმენტი, პროექტი, თუ როგორ გამოვლენილიყო და აღკვეთილიყო უნივერსიტეტში სამეცნიერო ეთიკის დარღვევის ფაქტები. სამეცნიერო ეთიკის დარღვევის სხვადასხვა მიმართულება დაფიქსირდა. პლაგიატის გარდა, გამოყენებულია სამეცნიერო ეთიკის დარღვევის ისეთი სახეობები, როგორიც არის კომპილაცია, სამეცნიერო შედეგების გაყალბება და განადგურება. შესაბამისად, განისაზღვრა თითოეული ასეთი ფაქტის შემთხვევაში, ვინ უნდა დაადგინოს, ფაქტი მართალია, თუ არა და, თუ მართალია, რა გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ყველაზე მკაცრი სასჯელის ზომა არის პლაგიატის შემთხვევაშია, და ეფუძნება იმას, რომ თუ ის დამტკიცდა, კომისიამ წარმოადგინა და აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა წარმოდგენილი კომისიის დასკვნა, ასეთი პიროვნებასთან უნივერსიტეტი წყვეტს კონტრაქტს“, – ამბობს რექტორი.
უნივერსიტეტში აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებამ პროფესორების უკმაყოფილება გამოიწვია. ეკონომიკის ფაკუტეტის პროფესორებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას განცხადებით მიმართეს, სადაც ითხოვდნენ, რომ რეგულაციის მიღებამდე არსებული პლაგიატის შემთხვევებზე ამნისტია გამოცხადებულიყო. აღნიშნულ ფაქტს ვლადიმერ პაპავამ სამარცხვინო უწოდა, მოთხოვნა კი არ დაკმაყოფილდა.

ნიცა ბუხნიკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები