სინთეზური ხელოვნება – მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ გამოფენა გაიხსნება

დღეს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, „ტაია ფილმსი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი სინთეზური ხელოვნება – მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანის“ გამოფენას გახსნის. გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 15 მხატვრის მიერ „ვეფხისტყაოსანის“ საკვანძო მომენტებზე შექმნილი 132 მხატვრული ნამუშევარი და 88 ორიგინალურად გადაწყვეტილი ტექსტი. ნამუშევრები ოთხი თვის განმავლობაში იქმნებოდა. კონსტრუქცია, სადაც მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ დამონტაჟდება, 74 მეტრია. ნამუშევრები დაყოფილია პოემის ე.წ. ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებად და სხვადასხვა ძირითად მომენტს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ შესრულებული ტილოები არ არის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები. მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვა მხატვრულ სტილში, მანერასა და ტექნიკაში მომუშავე მხატვრების სინთეზურ ნაერთს წარმოადგენს. მის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ქართული ხელოვნების ცნობილმა წარმომადგენლებმა: გოგი ალექსი – მესხიშვილმა, მიშა გოგრიჭიანმა, თამაზ ვარვარიძემ, თამარ კვესიტაძემ, თამუნა მელიქიშვილმა, ოთარ მურაჩაშვილმა, ია მჭედლიშვილმა, კოტე სულაბერიძემ, მაია სუმბაძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, მამუკა ცეხლაძემ, რუსუდან ხიზანიშვილმა, უშანგი ხუმარაშვილმა, მამუკა ჯაფარიძემ, თემურ ჯავახიშვილმა. ნამუშევრები უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება მუდმივი ექსპოზიციის სახით.
მომავალში დაგეგმილია მხატვრის წიგნების სერიული გამოშვება. ამ სერიის პირველ წიგნად რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მისი უდიდესი კულტურული ღირებულების გამო შეირჩა. სამომავლოდ, მხატვრის წიგნები ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის რამდენიმე ძეგლის მიხედვით: ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ოთარ ჭილაძის, ასევე, ქართველი ფუტურისტებისა და სიმბოლისტების ნაწარმოებების თემებზე შეიქმნება. „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრის წიგნის ფორმატით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გავრცელება-რეალიზაცია, მხატვრების ნამუშევრების პრეზენტაცია-გამოფენების მოწყობა ხელს შეუწყობს ქართული კულტურის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს.
პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. მხატვრის წიგნი (ე.წ. Artist’s book) სინთეზური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრია. მხატვრული ნაწარმოების სინთეზური ხელოვნების საშუალებით წარმოჩენა უნიკალური პროექტია, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 10-იან წლებში ძმებმა ზდანევიჩებმა დაუდეს. მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 30-იან და 60-იან წლებში, ამ ხელოვნების მიმდევრები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, თენგიზ მირზაშვილი, მამია მალაზონია და სხვები. პროექტის იდეის ავტორი ქეთი გალდავაძეა. პროექტის ხელმძღვანელები არიან ქეთი გალდავაძე და ნიკო ქარცივაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები