თბილისში ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღების აღდგენა დაიწყო

თბილისში 20-მდე მოქმედი ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღების აღდგენა დაიწყო. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღების აღდგენის პროცესში ერთ-ერთი პირველი ნაძალადევის რაიონში მდებარე 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღია, სადაც 2014 წლის 8 სექტემბერს, ახალი სასწავლო წელი არ განახლდა.
მათივე განმარტებით, საბავშვო ბაგა-ბაღი წლებია “მძიმედ არავიული”” შენობის კატეგორიას მოეკუთვნება, რის გამოც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალმა ადმინისტრაციამ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ახლომდებარე #31-ე საბავშვო ბაგა-ბაღში გადანაწილდა. შენობის რეაბილიტაციისთვის კი ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობის აღდგენითი სამუშაოები 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან უკვე დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, საჭიროებიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია გაუკეთდება 56-ე ბაგა-ბაღის მთლიან შენობას, სადაც განხორციელდება არა მხოლოდ გამაგრებითი, არამედ კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. ასევე, განახლებულ შენობას დაემატება 2 ახალი ჯგუფი. კერძოდ, აღრიცხული 214 ბავშვის გარდა, ბაღს კიდევ შეეძლება 70-80 ბავშვისთვის სერვისის მიწოდება. ბაგა-ბაღი ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და სააღმზრდელო-გასართობი კუთხეებით სრულად აღიჭურვება.
დაზიანებული შენობის აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოსა და ღობის კეთილმოწყობაც. გამგეობის ინფორმაციით გარდა 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღისა თბილისში კიდევ 20-მდე მოქმედი ავარიული ბაგა-ბაღია, რომელთა ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები 2015 წელს ეტაპობრივად დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები