გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, 19595 მოქალაქემ მიმართა

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის საკითხზე, შესწავლილ ინფორმაციას აქვეყნებს. “ახალგაზრდა ადვოკატების” ცნობით, 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, 19595 მოქალაქემ მიმართა, რაც გასულ წლებთან მიმართებით, გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. აქედან, პრეზიდნეტის ადმინისტრაციამ განიხილა და წარმოება დაასრულა 12499 მიმართვაზე, ხოლო 4205 მოქალაქეს გაეგზავნა საპასუხო წერილი. არსებული მონაცემით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7096 მოქალაქის 2014 წელს რეგისტრირებული მიმართვა, კვლავ მომზადებისა და გამოხმაურების ეტაპზეა.
“ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2010-2014 წლებში, სულ 152,298 მეტმა მოქალაქემ მიმართა.
ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქეთა რეგისტრირებული განცხადებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, წლების მიხედვით, ასეთია: 2013 წელს – 42682, 2012 წელს – 38466, 2011 წელს – 23927, 2010 წელს – 27628. ამასთან, 2014 წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიემართა 4 ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების ბათილად ცნობის, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე. ოთხივე ადმინისტრაციული საჩივარი, ავტორებს განხილვის გარეშე დაუბრუნდათ და განემარტათ, რომ მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით, სარჩელით უნდა მიემართათ სასამართლოსთვის.
“ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2015 წლის 12 იანვარს, გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები “მოქალაქეები მთავრობის საჯარო პოლიტიკის პროცესში 2014 წელს” და მათ შორის, დაინტერესდა საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციასთან მოქალაქეების ურთიერთობის საკითხითაც. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საჯარო უწყებებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის საჯაროობის შემოწმება, მოქალაქეების მიერ საჯარო უწყებებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლის დადგენა, მათ წერილებზე გამოხმაურების ანალიზი, არსებული ადმინისტრაციული საჩივრების სტატისტიკა და გადაწყვეტის მაჩვენებელი.
ორგანიზაცის ინფორმაციით, “ახალგაზრდა ადვოკატებმა” აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2014 წლის 8 დეკემბერს მიმართა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტმა, მოთხოვნილ ინფორმაციაზე გამოხმაურება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადის დარღვევით, ორგანიზაციას მხოლოდ 2015 წლის 21 იანვარს მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები