„არც ერთი დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი, ამის პირობას ვიძლევი, როგორც მთავრობის წევრი“

არც ერთი დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი, ამის პირობას ვიძლევი, როგორც მთავრობის წევრი და იურის თანამებრძოლი,- ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სოფელ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქოს პანაშვიდზე განაცხადა. სუბარის თქმით, იური ვაზაგაშვილი უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო იყო.
„ყველამ ერთგული თანამებრძოლი, ძალიან მტკიცე ადამიანი დავკარგეთ, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო იყო. იური ვაზაგაშვილი როგორც თავის სიცოცხლეში იყო ფლაგმანი უსამართლობასთან ბრძოლის, თავის სიკვდილითაც შეასრულებს იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდება და არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ამაში დარწმუნებული ვარ და ამის პირობას ვიძლევი როგორც მთავრობის წევრი და თანამებრძოლი“, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება ბოლო ეტეპზეა.
„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე, რაც ყველამ იცის, მეც ის ვიცი, მაგრამ ზურა ვაზაგაშვილის საქმე პრაქტიკულად ფინალშია გასული და მალე ყველანი წარსდგებიან სამსჯავროს წინაშე“, – აღნიშნა სუბარმა.
იური ვაზაგაშვილს შვილების გვერდით კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ. ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სოფელ ყარაფილაში გუშინ გადაასვენეს. სამებაში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები