ზურაბ გამეზარდაშვილი: ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ამ დანაშაულის გახსნას

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გაიხსნას.
სასაზღვრო პოლიციის უფროსისი თქმით, აღნიშნული კატეგორიის საქმის გახსნა ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
„ეს დანაშაული ჩადენილია ძალიან დიდი სისასტიკით და ცინიზმით არა მხოლოდ ბატონი იურის, არამედ მთელი საქართველოს მიმართ, მე როგოც ვიცი აღნიშნული საქმის გახსნაში ჩართული არიან პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი სპეცსამსახურები. ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება დანაშაულის გახსნას. როგორც მოგეხსენაბთ, ის მიეკუთვნება ძალიან ნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კაკეთდება აღნიშნული დანაშაულის გასახსნელად“, – განუცხადა ზურაბ გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აღნიშნული განცხადება სოფელ ყარაფილაში გააკეთა, სადაც ამ წუთებში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. იური ვაზაგაშვილს შვილების გვერდით კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ.
ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სოფელ ყარაფილაში გუშინ გადაასვენეს. სამებაში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები