ემზარ კვიციანის გათავისუფლება გადაიდო – საქმის პროკურორი უწყებიდან გაათავისუფლეს
განსასჯელ ემზარ კვიციანის საქმის პროკურორი თენგიზ ხარებავა მთავარი პროკურატურიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ „კვირას“ ემზარ კვციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განუცხადა. კახნიაურის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე ემზარ კვიციანის საქმეზე ახალი პროკურორის ვინაობა უცნობია.
„ემზარ კვინიანის საქმეზე პროკურორთან თენგიზ ხარებავასთან შეთანხმება მქონდა სამშაბათს. მას ოთხშაბათს შევხდი. გუშინ, კიდევ რაღაც დეტალი მქონდა დასაზუსტებელი და გავიგე, რომ პროკურატურიდან გაათავისუფლეს. მე, როგორც ემზარ კვიციანის ადვოკატმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება დავწერე და პასუხს ველოდებით.
11 თვიან სასჯელზე უნდა მომხდარიყო შეთანხმება, 27 იანვარს ემზარ კვიციანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას ველოდებოდით. ალბათ, ორშაბათს, 26 იანვარს გაირკვევა ყველაფერი. ამ ეტაპზე პროკურორის ვინაობა უცნობია და სრულყოფილად რაიმეს თქმა მიჭირს. თუ პროკურატურასთან შევთანხმდებით პროცესუალურ შეთანხმებაზე, მოსამართლე მხოლოდ დაადასტურებს ამ ფაქტს. დაველოდოთ სასამართლოს, რომელიც 28 იანვარს არის დანიშნული“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ადვოკატი რევაზ კახნიაური.
შეგახსენებთ, რომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 28 იანვარს გაიმართება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ემზარ კვიციანი შესაძლოა 27 იანვარს საპატიმროდან გაათავისუფლონ.