„საბჭოთა კავშირის დრო დასრულდა!“
პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მოვლენებს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი კომენტარს ყირიმში მიმდინარე პროცესებზეც აკეთებს. მისი თქმით, რუსეთისთვის საბჭოთა ილუზიების საბოლოოდ ჩამოშორებისა და თანამედროვე რეალობასთან შეგუების და მისი ათვისების დრო მალე დადგება.
„რუსეთი ხან ცხელს უბერავს და ხან ცივს… დღეს ლავროვმა მოულოდნელად განაცხადა: მოსკოვს სურსო “უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი იყოს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”(???)” და დასძინა: “ვეთანხმებით იმასაც, რომ უარყოფით შედეგს გამოიტანს, თუკი მას ვაიძულებთ, აირჩიოს ან ჩვენთან ამ ჩვენს წინააღმდეგ… “სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? რუსეთმა იცის, რომ ორი რამე არ შეუძლია: – ერთია უკრაინის სამხედრო ძალებით სამხედრო დამარცხება (უკრაინა საქართველო არაა და მეორე მსოფლიო ომის დროს ბანდერისტები გერმანელებსაც და რუსებსაც ებრძოდნენ, ერთდროულად, და ეს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ თუნდაც ომის დამთავრების შემდეგ) და მისი დამონება… სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში დაიწყება უსასრულო სახალხო დაუმორჩილებლობა, შიდა შეიარაღებული წინააღმდეგობა და თავისუფალი ჯარის აქტიურობა, ტერორისტული აქციებით თავის გაზის სადენის აფეთქებებით და სხვა… ანუ რუსეთი ვერ შეინარჩუნებს კონტროლს ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე და, საერთოდ, დაკარგავს უკრაინას მთლიანად, რაც მხოლოდ სევასტოპოლის ფასად არ უღირს…
ორად დაყოფის მუქარაც ვერ უძლებს ანალიზს: უკვე ნათელია, რომ მითი იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ უკრაინა პრორუსულია, ნელ- ნელა ქრება, რუსოფონი და კულტურულად დაახლოებული რუსეთთან უთუოდ, მაგრამ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში აღმოსავლეთის უკრაინელებიც არა ნაკლებად პატრიოტები აღმოჩნდებიან (სხვათა შორის, გამოსვლები სევასტოპოლში და სიმფეროპოლში ჩატარდა და ნაკლებად აღმოსავლეთის დიდ ქალაქებში)… მაქსიმუმ რუსებით დასახლებულ ნაწილს ამოგლიჯავს პუტინი… მაგრამ ეს დაუჯდება ძალიან ძვირად საერთაშორისო დონეზე და უკრაინაში, როგორც სხვა, თუნდაც უკვე ევრაზიის კავშირისკენ მიმართულ ქვეყნებში…. რუსეთის იმიჯი დიდი ხნით შეილახება (ოლიმპიადა ხომ სულ ტყუილად ჩატარებული აღმოჩნდება), ბევრად უფრო, ვიდრე რაც მოხდა საქართველოს ომის შემდეგ… აქ და ამ ჯერად მისი პასუხისმგებლობა არაფრით შენიღბული, არც გადანაწილებული არ იქნება! პირდაპირ აგრესიას ვერ ბედავს, ამიტომ რუსეთი! – მეორე, რაც არ შეუძლია რუსეთს და რაც მაჩვენებელია დღევანდელი რეალური ძალთა შეფარდებისა, არის ფინანსური დახმარება, იმ დონის და იმ დოზით, რაც ესაჭიროება დღევანდელ უკრაინას გადარჩენისათის.
და ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინამ თუ არ მიიღო მასიური ფინანსური დახმარება (ლაპარაკია 35 მილიარდზე) ახლავე და 2016 წლამდე – ის ჩაიძირება უძირო ფინანსურ, სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც გამოიწვევს ისეთ არეულობას, რომელსაც ვერც რუსეთი და ვერც ევროპა ვერ შეუმკლავდება. ამას რუსეთი ვერაფრით ვერ აიღებს მარტო თავის თავზე… ეყოფა მას სოჭის ოლიმპიადის ხარჯების ანაზღაურება – ეს იმ დროს, როცა ირანთან მოსალოდნელმა შეთანხმებამ შეიძლება დააგდოს გაზის და ნავთის ფასები, ანუ საგრძნობლად შეამციროს მისი ერთადერთი რეალური შემოსავალი.
რუსეთმა იცის, რომ მას დღეს სათანადო ფინანსური ძალა არ გააჩნია… საბჭოთა კავშირის დრო ნამდვილად დასრულდა… “საბჭოთა კავშირობას” სამხედრო უპირატესობაც სჭირდებოდა, ხალხში გამეფებული შიშიც და ფინსასური და ეკონომიკური ძალა, რათა მაინც ისე ეცხოვრებინა მისი ქვეშევრდომები, რომ სხვაზე მათ არ ეფიქრათ. დღეს უკრაინის გადარჩენას რეალურად მარტო ვერავინ ვერ შეძლებს და ამიტომ ევროპაც რუსეთს სთავაზობს ერთად მოგვარებას ამ კრიზისის. რაც თავისთავად ნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხის ნება არ იქნება უგულებელყოფილი, არც ძალით ჩახშობილი… სამაგიეროდ, ევროპა ზავს სთავაზობს მოსკოვს, მის თავმოყვარეობას არ შელახავს, და მომავლისთვის უტოვებს რაღაც მცირე შანსს გავლენის შენარჩუნებისა მოსკოვის ყოფილ “რუს-ის“ ქვეყანაზე. ამის მერე ალბათ დროც დადგება რუსეთისთვის, საბჭოთა ილუზიების საბოლოოდ ჩამოშორებისა და თანამედროვე რეალობასთან შეგუების და მისი ათვისების… მაშინ და მხოლოდ მაშინ შეიძენს ახალ გავლენის – უკვე პოზიტიურისა- საშუალებას. ჩვენ, როგორც მისი მეზობლები, სხვას ვერ ვისურვებდით…“- წერს სალომე ზურაბიშვილი.