საკრებულოში ადამიანის შრომით უფლებებზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრებისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დეპუტატები აღნიშნული გაერთიანების საქმიანობით დეტალურად დაინტერესდნენ და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ განმარტა, ერთწლიანი კონტრაქტის შემთხვევაში დაქირავებული პირები ვერ სარგებლობენ შვებულებით, რადგან ამ ვადის გასვლის შემდეგ ხდება ახალი ტენდერის გამოცხადება, კომპანია იცვლება და ახალი ხელშეკრულება ფორმდება, რაც კვლავ ავალდებულებს დაქირავებულ პირს, 11 თვე ვერ გამოიყენოს შვებულების უფლება.
როგორც საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ხარვეზები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყება და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღება, რაც სამართლიანად დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხს.
გულიკო ზუმბაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
,,ჩვენს კომისიასა და აღნიშნულ გაერთიანებას ბევრი შეხების წერტილი გვაქვს. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გაგრძელდება. სამომავლოდ ვგეგმავთ, გავაფორმოთ მემორანდუმი და ვფიქრობთ, ერთიანი ძალებით შევძლებთ, ბოლომდე დავიცვათ ადამიანის შრომითი უფლებები“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
კომისიის წევრებმა პროფესიული კავშირების განცხადებაც განიხილეს, რომელიც თბილისის გამგეობებში დასუფთავების განმახორციელებელ კომპანიებში დასაქმებული ადამიანების უფლებების დარღვევას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები