დავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესს გონიერებით უნდა გავუმკლავდეთ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეების არჩევის პროცესს სათანადო ჭკუით და გონიერებით უნდა გავუმკლავდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. იგი კოლეგებს მიმართავს, რომ თემის გარშემო სკანდალი და ზედმეტი აჟიოტაჟის საშუალება არავის არ უნდა მიეცეს.
“პარლამენტს კანონი უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს აკისრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების ნაწილში. თებერვალში უზენაეს სასამართლოში მინიუმ სამი მოსამართლე გვეყოლება განსაწესებელი. კანდიდატურას პრეზიდენტი ასახელებს, ხოლო იხილავს და ნიშნავს, ან არ ნიშნავს პარლამენტი. იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იყოს და მივიღოთ მთავარი შედეგი – გაცილებით უკეთესი ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში, ამ პროცესს და პროცედურებს სათანადო ჭკუით და გონიერებით უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის – კონსულტაციების პროცესს. თუ ვინმეს სკანდალები და ზედმეტი აჟიოტაჟი სურს, ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. თუ ვინმე ითხოვს, რომ ამ თემაზე საჯარო კონსულტაციები გაიმართოს და კანდიდატურების განხილვაში წინასწარ ჩავერთოთ, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება. ეს საჯარო პროცესი არ არის. როცა კანდიდატები პარლამენტში დასახელდებიან, საჯარო პროცესი ამის შემდეგ იქნება, როცა კანდიდატებს განვიხილავთ. პროფესიონალური ნიშნით კონსულტაციები მიმდინარეობს და გაგრძელდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები