„ქართველო დედებო, გემუდარებით, არ გაუშვათ შვილები პოლიტიკაში“
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველ დედებს ურჩევს, შვილები პოლიტიკაში არ გაუშვან. რობერტ სტურუა ქართულ საზოგადოებას მიმართავს და ურჩევს, ცოტა ხნით მაინც თავი დაანებონ თურქულ სერიალებს და აუცილებლად ნახონ ამერიკული „HOUSE OF CARDS“. რეჟისორი ამ ფილმის ერთ-ერთ გმირს, ჟურნალ „ტაბულას“ იმ შტატგარეშე კორესპონდენტს აგონებს, რომელსაც ინტერვიუს დროს თავადვე ესაუბრა.
„ქართველებო, ცოტა ხნით შევეშვათ თურქულ სერიალებს და აუცილებლად ვნახოთ ამერიკული. „HOUSE OF CARDS“ არაჩვეულებრივი კევინ სპეისის მონაწილეობით. USA-ს პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, კონგრესმენები და პოლიტიკური პატარ-პატარა, მაგრამ ძალიან საშიში პაიკები… გაოცდები, როგორ ჰგავს საქართველოს, განსაკუთრებით, გარდასულ პოლიტიკურ ელიტას. თუმცა რა გარდასულს, როცა თავის ჭიჭყინით ყველას თავი მოაბეზრეს. მოკლედ აბსოლუტურად იგივე სამყარო, რაც ჩვენ დემოკრატიულ ელიტაში: ინტრიგები, სმა, ბოზობა, ნარკოტიკები და ა.შ., გეგონება რეჟისორი თბილისში იყო მივლინებაში, იმდენად ცნობადი (თფუ! პირველად წამომცდა ეს ვიღაც უვიცი პოლიტიკოსის მიერ შემოგდებული გრამატიკული ფორმა) ნაცნობი პერსონაჟებია ამ ბრწყინვალე პოლიტიკურ (არც კი ვიცი, რა ჟანრს მივაკუთვნო) ალბათ მაინც სატირას. ფილმის ერთმა გმირმა კი ჭკუიდან გადამიყვანა, ნამდვილად ვიცნობ, თბილისში ინტერვიუ მივეცი. ჟურნალისტი გოგონა, რომელიც თუ არ ვცდები, “ტაბულაში” შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობს. ერთადერთი, რითიც არ ჰგავს ის დედააფეთქებული ქვეყანა ჩვენ ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან ქვეყანას, ის გახლავთ, რომ იქ კანონი მაინც კანონობს. დანარჩენი, თითქოს სარკეში იყურები. ქართველო დედებო, გემუდარებით, არ გაუშვათ შვილები პოლიტიკაში, რაგინდ ბრწყინვალე ცხოვრებას არ უნდა გპირდებოდეთ იმ არამზადებთან ყოფნა! კეისარს კეისრ… არა! ნაძირალებმა ინაძირალონ… ამჟამად, მიაუ“, – წერს რობერტ სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.