ხვალ კეზერაშვილის სასამართლო პროცესია
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადიციის საკითხზე ფრანგული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგულმა სასამართლომ 3 თებერვალს გაათავისუფლა. სასამართლო-განაჩენის გამოცხადებიდან მალევე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, და დავით კეზერაშვილის გათავისუფლების პირობები განმარტა. პროკურატურის განცხადებით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა. მათივე ინფორმაციით, მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება, იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. გადაწყვეტილების თანახმად, კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9-დან 21 საათამდე. “ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა კეზერაშვილის გათავისუფლებიდან 6 თვე და არა მხოლოდ – 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი“,-აცხადებენ პროკურატურში. კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა. კეზერაშვილი 2013 წლის 14 ოქტომბერს პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად დააკავეს. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვას. დავით კეზერაშვილს ეკავა ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.