ნიკა რურუა: ეს მკვლელობა სხვადასხვა ჯგუფებს შორის არეულობის გამოწვევით არის მოტივირებული

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტით, მკვლელებს ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურდათ.
“ეს მკვლელობაა, რომლის შესახებაც ახლა გავიგე, ანუ შვილის საფლავზე მისული მამის აფეთქების ამბავი, ძალიან ბნელით მოცული საქმეა. კიწმარიშვილის “თვითმკვლელობის” არ იყოს. ვის შეეძლო ჩაედინა ასეთი რამ და ასე? რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ გარდაცვლილზე, შვილის საფლავზე მამის ასე ვერაგულად მოკვლა ძალიან ცინიკური და ცივსისხლიანია. ეს ვიღაცის, ან ვიღაცების დაგეგმილია, ბუნებრივია. ეს ან მოკლულის პირადი მტერი უნდა იყოს, ან ჩვენი ქვეყნის უვერაგესი მტერი, ვისაც მიზნად საზოგადოებაში დაპირისპირებისა და უკიდურესი დაძაბულობის მუხტის დათესვა სურს – რამდენად გამოუვა ეს, ეს სხვა საქმეა. პირადად მე, უფრო მეორე ვერსიისაკენ ვიხრები. ეს იმპერსონალური მკვლელობაა, რომელიც მოტივირებულია ხალხის სხვადასხვა ჯგუფებს შორის არეულობის გამოწვევისა და რაიმე სახის რადიკალიზმის გამოვლინების იმედით. P.S. ისევ “გულაობს” რუსული დაზვერვა და დივერსანტ-ტერორისტები საქართველოში და ატარებს “ექსპერიმენტებს” ერის ფსიქიკაზე. ასე იცის სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევამ და განზრახ დასუსტებამ”, – წერს რურუა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები