„ევრომაიდანზე დაშავებულებს სასუნთქი ორგანოები აქვთ დამწვარი“
ქართველი ექიმები უკრაინიდან დღეს ბრუნდებიან, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანების ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ქართველმა ექიმებმა მხოლოდ სამი დღე დაჰყვეს და ამ ეტაპზე უკრაინელ კოლეგებს კოლეგიური მხარდაჭერა გაუწიეს. როგორც „კვირასთან“ გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, ქართველი ექიმები უკრაინაში მხოლოდ კოლეგიური დახმარებისთვის ჩავიდნენ და მათ იქ ყოფნას პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, კიევის თერმული დაზიანების საავადმყოფოში, ძირითადად, ევრომაიდანზე დაშავებული პაციენტები იმყოფებიან. მისივე თქმით, პაციენტთა უმრავლესობა მამაკაცი იყო.
„კლინიკაში ევრომაიდანზე დაშავებული პაციენტების უმრავლესობაა. მათ, ძირითადად, სუნთქვის ორგანოების დამწვრობა აღენიშნებათ. გარდა ამისა, არიან პაციენტები, რომლებმაც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება ნამსხვრევების შედეგად მიიღეს“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.