ბერლინში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა

ბერლინში საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეულის“ მიმდინარეობის პარალელურად, სადაც ქართული პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, ბერლინში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გალერეის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის გალერეა კომპანია „ტიბანელმა“ გახსნა, რომელიც 2008 წლიდან გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.
გალერეაში, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე Savini platz-ზე მდებარეობს, მხოლოდ ქართული დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე ღვინის გალერეაში კომპანიების – „მეღვინეობა გრანელი“, „ასკანელი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „ყვარლის სარდაფი“, „ალავერდის ღვინოები“ – 25 დასახელების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
გალერეაში ქართველი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცის ხელშეწყობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ქართული ღვინის გალერეის გახსნა ბერლინში სწორედ ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ინტერესის გაღრმავებას ემსახურება. ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება და ეს ფაქტიც ამის ნათელი დადასტურებაა.
ქართული ღვინის გალერეის ერთ-ერთი მფლობელი მიხაილ ქეცნა აღნიშნავს, რომ ბერლინში პირველი ქართული ღვინის გალერეის გახსნა ქართული ღვინის სიყვარულმა გადააწყვეტინა.
„ქართულ ღვინოს დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფერავის ჯიშის ღვინო. ჩემს ორ პარტნიორთან ერთად დავგეგმე ეს პროექტი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება და ქართული ღვინის გერმანელ თაყვანისმცემელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა მიხაილ ქეცნამ.
ღვინის გალერეის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები