უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონი” საპატრიარქოს თამაზ სუხიაშვილის ქაშვეთში დასვენების ნებართვას სთხოვს
უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონი” საპატრიარქოს დონეცკში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ქართველი მეომრის თამაზ სუხიაშვილის ქაშვეთში დასვენების ნებართვას სთხოვს.
“საპატრიარქოს ვთხოვეთ ნებართვა, თამაზ სუხიაშვილი ჩამოსვენებისთანავე ქაშვეთის ტაძარში დავასვენოთ, როგორც სამშობლოსთვის დაღუპულ ვაჟკაცს შეეფერება. მე მჯერა, პატრიარქი კურთხევას მოგვცემს”, – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. შეტაკება 93-ე ბრიგადის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებით გუშინ მოხდა, რა დროსაც დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში ცხოვრობდა. ის 2012 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუხიაშვილს საქართველოში უახლოეს 2 დღეში გადმოასვენებენ.