დამწვარი ისტორიული შენობა – რა მოხდა აზარიანცის სახლში
ძველით ახალი წლის ღამეს ე.წ. აზარიანცის სახლში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, ქუჩის მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრებები აქვს.
“კვირა” აღნიშნული შემთხვევით დაინტერესდა და დეტალების გარკვევა სცადა.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
13 იანვრის ღამეს, 03:15 წუთზე, თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში ზარი დაფიქსირდა. როგორც აღმოჩნდა, რუსთაველის N37 -ში მდებარე აზარიანცის შენობის უკანა ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა. მსხვერპლი არ ყოფილა და არც შენობაში არსებული ოფისები დაზიანებულა საგრძნობლად. ხანძრის შედეგად, შენობას რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია. ხანძრის შედეგები ყველაზე მეტად შენობის სახურავზე აისახა, სადაც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულად განადგურდა. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რომელიც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.
ხანძრის შესაძლო მიზეზები
ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით პირველი და ყველაზე გავრცელებული შეხედულება დაუდევრობასთან ასოცირდება. ზოგი ამბობს, რომ ხანძარი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია. ზოგიც კი ფიქრობს, რომ ცეცხლი მთაწმინდელი „ბომჟების”გაჩენილია.
გულიკო 51 წლის: “30 წელზე მეტია ამ ეზოში ვცხოვრობ, მსგავსი რამ არ მახსოვს, ძალიან შევშინდით. კვამლში იყო მთელი ეზო. ჯერ ვიფიქრეთ, რომ ხანძარი ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა გამოიწვია, რადგანაც მოგეხსენებათ, ახალი წელი იყო. როდესაც სახანძრო მანქანები მოვიდნენ, თქვეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა აქ არაფერ შუაში იყო და ხანძარი შიგნიდან გაჩნდა. შემდეგ შეცვალეს აზრი და თქვეს, რომ ცეცხლი გარედან მოედო შენობას, და მიზეზი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი იყო. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბით ხანძრის გაჩენა სიგარეტის ნამწვს არ შეეძლო. ამ საქმეში ან “ბომჟების” ხელი ურევია, ან კიდევ, არ ვიცი”, – ამბობს ე.წ. აზარიანცის სახლის მაცხოვრებელი.
ოფიციალური დასკვნის დადებამდე, ხანძრის სავარაუდო მიზეზების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ერთ-ერთი მოსაზრება ისიც არის, რომ აღნიშნული ხანძარი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის” მოწინააღმდეგეებმა გააჩინეს.
მოგეხსენებათ, აზარიანცის შენობაში განთავსებულ სხვა მრავალ ოფისთან ერთან “იდენტობის” ოფისიც მდებარეობს. აზარიანცის სახლის ზოგიერთი მაცხოვრებელი აღნიშნულ ფაქტს სწორედ ამას უკავშირებს. 31 წლის ნათია არ გამორიცხავს, რომ ხანძარი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.
“ვერ გეტყვით, ხანძარი ვისი გაჩენილია. არ მჯერა, რომ ასეთი მასშტაბის შემთხვევა სიგარეტის, ასაფეთქებელი მოწყობილობის ან კიდევ “ბომჟების” მიერ გაჩნდა. ვფიქრობ, ეს “იდენტობის” ბრალია. ყველამ იცის, თუ რა დამოკიდებულება არსებობს დღეს მათ მიმართ. მართალია ჩხუბი და აყალ-მაყალი აქ არასდროს მინახავს, მაგრამ რა ვიცი, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ვფიქრობ, ამ ადამიანებს მრავალი მტერი ჰყავთ და ეს ხანძარიც შესაძლოა, ერთ-ერთის მიერ იყოს ორგანიზებული”,- ამბობს ნათია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” წარმომადგენელმა ანა რეხვიაშვილმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით “კვირასთან”კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “იდენტობის“ წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ გამოძიება მალე დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, შესაძლო მიზეზებზე საუბარი კი მედიასთან არ სურს. კომენტარი ასევე არ გაუკეთებიათ “სილქ როუდ ჯგუფის” წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ორგანიზაციის დაქვემდებარებაში შედის ე.წ. აზარიანცის შენობის 90% და იქ მდებარე ოფისების უმეტესობა.