თეა წულუკიანი რუსეთისთვის კადიევის გადაცემას არ აპირებს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, გადაცემა “პირველ სტუდიაში” მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადირების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე იგი ბრძანების გამოცემას არ აპირებს.
თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მეზობელ სახელმწიფოში მისი ექსტრადირება ადამიანის უფლებათა დარღვევა იქნება და დასძენს, რომ კადიევთან დაკავშირებით, პროკურატურასაც იგივე პოზიცია აქვს.
“ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით დავა უზენაეს სასამართლოში მიდის, რადგან მას სამინისტრომ და ორი ინსტანციის სასამართლომ ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. კადიევმა საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული 2013 წელს ჩაიდინა. მას თბილისის შუაგულში, ბინაში იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდა, რაც ჩვენი კანონმდებლობით დასჯადია. ეს სასამართლომ დაადასტურა და იხდის სასჯელს, რომელიც ივნისში სრულდება. ივნისში ის საპატიმროს დატოვებს. რაც შეეხება ექსტრადირებას, პირის საქართველოდან სხვა ქვეყანაში ექსტრადირების ბრძანებას ხელს იუსტიციის მინისტრი აწერს. დღემდე ასეთ 42 ბრძანებაზე მოვაწერე ხელი, მაგრამ კადიევთან დაკავშირებით ბრძანებაზე ხელმოწერას არ ვაპირებ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მიკაილ კადიევი სამართალდამცველებმა 2013 წელს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ამჟამად კი პატიმრობაში მყოფი მიკაილ კადიევი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა და გასახლების სამინისტრომ უარი უთხრა, ამ სტატუსის მოსაპოვებლად უზენაეს სასამართლოში იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები