ბერლინში გამოფენა Gruene Woche 2015 გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით, სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას “მწვანე კვირეული 2015”-ს (Gruene Woche 2015) ესწრება.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენა კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენაზე Gruene Woche მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა, ხოლო ვიზიტორების რიცხვი 400 000-ს აღემატება და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი და ქართული სამზარეულო -დამზადდება ქართული ტრადიციული კერძები ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.შ. Gruene Woche 2015-ზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქცია: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, „ლომისი“, „კულა“, „ლივო“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“. გამოფენაში ასევე მონაწილეობენ ტურისტული კომპანია “Like Georgia” და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
Gruene Woche -ზე ქართულ შემოქმედებას ანსამბლი „შვიდკაცა“ წარმოადგენს და გამოფენის სტუმრებს ტრადიციულ ქართულ მრავალხმიან ფოლკლორულ სიმღერას გააცნობს.
გამოფენის ფარგლებში, გაიმართება მინისტერიალიც, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრება. სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტში მონაწილეობას 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიღებს.
Gruene Woche -ს ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამართავს მიღებას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება მიეცემათ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, უნგრეთის, თურქეთის, ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან.
საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია.
2015 წელს, გერმანიასთან ერთად გამოფენის ,,მწვანე კვირეული“ პარტნიორ ქვეყანას ლატვია წარმოადგენს. წელევანდელი კვირეულის ძირითადი თემაა ,,სოფლის მეურნეობის გაძლიერება: სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფილი სურსათი და კვება“.
სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა Gruene Woche 2015 ბერლინში 16-25 იანვარს იმართება. აღნიშნული გამოფენა 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები