უსუფაშვილი საგანელიძეს პასუხობს – “ვისურვებდი, რომ საქმეებზე დაგვეხარჯა მეტი დრო”

 გაცილებით მეტად მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი და ყურადღებას ასეთ საკითხებს დავუთმობდი, ვიდრე იმას, ვისი სად ყოფნა მომწონს ან არ მომწონს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა და კოლეგებს მიმართა, რომ მსგავს საკითხებზე ღიად პოზიცია მას შემდეგ დააფიქსირონ, რაც ის გუნდში განხილვის საგანი იქნება.
უსუფაშვილი აღნიშნულით, დავით საგანელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო პოსტებიდან გადაყენების თაობაზე ისაუბრა. “ეს ასე სალაპარაკო თემა არ არის. დღევანდელი პარლამენტი ძალიან საინტერესოა თავისი კომპოზიციით – არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ სხვა გზით შემოვიდნენ პარლამენტში და ახლა ოპოზიციაში არიან და არის ხალხი, რომელიც ჯერ უმრავლესობაში იყო და შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა.
პარლამენტში გვაქვს მუშაობის წესები და ტრადიციები. სრულიად განსხვავებულია ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებული ვითარება და ვითარება კომიტეტის თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. ვიცე-სპიკერის პოსტები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და ტერიტორტიულ ორგანოებს შორის ნაწილდება. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ის არავის კვოტა არ არის. კომიტეტის თავმჯდომარე არჩეულია პროფესიული ნიშნით. კომიტეტის თავმჯდომარეები მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არიან ხოლმე და ზოგიერთ ქვეყანაში კომიტეტის თავმჯდომარეობა კონსტიტუციით და კანონით ოპოზიციას ერგება ხოლმე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებითვე, გადაწყვეტილება მისაღებია იმ პრინციპით, თუ ვინ ვერ აკეთებს საქმეს. “პოლიტიკური ნიშნით “ნაციონალურმა მოძრაობამ” იგივე დავით საგანელიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადააყენა, როცა ის კოალიციას შეუერთდა. მანამდე “ნაციონალური მოძრაობისთვის” ის ამ თანადებობაზე მისაღები იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ უკეთესი ვართ. ვისურვებდი, რომ საქმეებზე დაგვეხარჯა მეტი დრო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები