რა ჰკითხა თემურ ბასილიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს?!
ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია აშშ -ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლას აფასებს. თემურ ბასილიას ინფორმაციით, იგი იმ დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოების წინაშე წარდგა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას დარბაზში მყოფი საზოგადოება დიდი ინტერესით უსმენდა. როგორც ბასილია აცხადებს, პრემიერ-მინისტრს კითხვა თავადაც დაუსვა.
„ახლახან მოვედი ატლანტიკის საბჭოდან (Atlantic Council), სადაც ვესწრებოდი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა ირაკლის: კარგად ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე და იმაზე, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია აშშ-ს საქართველოსთვის. ძალიან კარგი იყო რომ ირაკლი ინგლისურად საუბრობდა. დარბაზი სავსე იყო და ინტერესიც ძალიან დიდი იყო. მეც მქონდა საშუალება, დამესვა მისთვის კითხვა სააკაშვილის რეჟიმის დროს პოლიტიკური მოტივით და უკანონოდ დევნილების შესახებ და მისი პასუხი იმედისმომცემი იყო. ვულოცავ ამ წარმატებას ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას!“ – წერს თემურ ბასილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საქართველოს პრემიერ – მინისტრი ოფიცილური ვიზიტით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.