რა იგულისხმა უსუფაშვილმა – “დავიბენი, თუ როგორი ქარიშხალი გამომიწვევია მარტივი განცხადებით”

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და პარლამენტის მომავალ საქმიანობაზე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ისაუბრა.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, მისი განცხადება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არასწორად გაიგეს.
“ჩემი კომენტარი, რომ კომენტარს არ ვაკეთებ არც საკადრო, არც პოლიტიკურ საკითხზე, მედიამ ათასნაირად თარგმნა. როდესაც კომენტარები და კომენტარებზე კომენტარები ვნახე, დავიბენი, თუ როგორი ქარიშხალი გამომიწვევია სრულიად მარტივი განცხადებით. პარლამენტში ბევრი კანონპროექტი უკვე წარმოებაშია. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური მოვლენები დღის წესრიგში – ბევრი საკითხია, რომელზეც დებატები გაიმართება, პარლამენტში იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, იქნება მთავრობის მოსვლა. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, თებერვალ-მარტში ასარჩევია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მას შემდეგ რაც კანდიდატს პრეზიდენტი დაასახელებს, უზენაეს სასამართლოში ჩნდება ორი ვაკანტური თანამდებობა, ვაკანტური ადგილები ჩნდება მარეგულირებელ კომისიაში და იქ იქნება დასანიშნი პირები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით შემოსულია განაცხადება. რაიმე სხვა ქვეტექსტი, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობაში ცვლილებებს ან პარლამენტში გადაყენებებს შეეხება, არ მიგულისხმია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები