დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში 60 კერძო სახლი შეისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედებს პროექტი „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო დევნილ ოჯახებს კერძო სახლებს საკარმიდამო ნაკვეთებით შეუსყიდის.
ბოლო ორი თვის განმავლობაში სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში დევნილებისათვის 60 კერძო სახლი შეისყიდა.
დევნილთა და განსახლების მინიტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია იმ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ, რომელთათვისაც სამინისტრომ კერძო სახლები შეიძინა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.
გალის რაიონიდან დევნილ იური ბელქანიას ოჯახს სამინისტრომ, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სოფელ კორცხელში კერძო სახლი და ნახევარი ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა.
განსახლების პარალელურად, დევნილ ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებულია 300 ძირი თხილის ბაღი და 70 ძირი ფეიხოა. წლების განმავლობაში იური ბელქანია, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, სხვის საკუთრებაში ცხოვრობდა.
იური პროფესიით აგრონომია, როგორც თავად ამბობს, 21 წლის განმავლობაში ელოდა, რომ სახლი ჰქონოდა, სადაც საკუთარი ოცნების ბაღს გააშენებდა.
მინისტრის მოადგილე ასევე ესტუმრა ნანა ბაღათურიას ოჯახს, რომელსაც სამინისტრომ კერძო სახლი და ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. აფხაზეთიდან დევნილი ნანა ბაღათურია სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მიწის ნაკვეთზე გაშენებული 480 ძირი თხილის ბაღი ოჯახისათვის შემოსავლის წყაროდ იქცევა.
,,სოფლად სახლის“ პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს, რომელსაც სამინისტრო მათთვის შეისყიდის, რაც ხელს უწყობს შემდგომი ინტეგრაციის პროცესს.
სამინისტრომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი კერძო სახლი შეისყიდა.