„დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტი ძალიან საინტერესო კომპოზიციისაა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის საგაზაფხულო სესიაზე საპარლამენტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” გათავისუფლების საკითხს დააყენებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა “პირველ სტუდიაში“ გადაცემის წამყვანის კითხვაზე დაუჭერს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე მხარს საგანელიძის გადაწყვეტილებას, უსუფაშვილმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. პარლამენტის თავმჯდომარე იგივეს ურჩევს კოლეგებს და ფიქრობს. რომ იქამდე ვიდრე საკითხზე შიდა საუბარი არ შემდგარა, უმჯობესია მათაც პოზიცია ღიად არ დააფიქსირონ.
„მე ამ შემთხვევაში მივმართავ ჩემს კოლეგებს, მსგავს საკითხებზე იქნებ ჯერ შიგნით ვისაუბროთ და შემდეგ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ეს ყველას ეხება, მათაც, ვინც ამ ინიციატივას მხარს უჭერს და მათაც, ვინც ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს.
მე ამ ეტაპზე ჩემს პოზიციას არ მოგახსენებთ იმიტომ, რომ ეს ასე სალაპარაკო თემა არ არის, მე მგონია, რომ საქართველოს პარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით ძალიან საინტერესო კომპოზიციისაა, რომელშიც არიან ადამიანები, რომელთა ნაწილიც სხვა გზით შემოვიდა პარლამენტში და ახლა უმრავლესობაში არიან და პირიქით, იყვნენ უმრავლესობაში და ახლა ოპოზიციაში არიან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტის სპიკერატიდან და საკომიტეტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებს. საგანელიძე ფიქრობს, რომ უმრავლესობის საპარლამენტო კვოტები უმრავლესობას უნდა ჰქონდეს. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, დეპუტატებს, რომელთაც საკითხი ეხებათ, პირადად ძალიან დიდ პატივს სცემს. თუმცა საგანელიძის თქმით, “ამ შემთხვევაში საუბარია არა პირად სიმპატია-ანტიპატიაზე, არამედ პარლამენტის რეგლამენტზე, წესზე და კვოტებზე, რომელიც ეკუთვნის უმრავლესობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები