კახა კალაძე: ხელისუფლება ძალიან ბევრს მუშაობს, რომ ფეხბურთის განვითარების გეგმა დაიდოს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში სპორტის მინისტრი ფეხბურთის განვითარების გეგმას წარმოადგენს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას რეგიონებში საფეხბურთო მოედნების პრობლემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“რაც შეეხება ხაშურის სტადიონს, მას 1980-იან წლებში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სტადიონის ქონების ბაზაზე დაარსდა შპს და არსებული დავალიანების გამო შპს-ს ქონება ამჟამად დაყადაღებულია. დღეის მდგომარეობით, სტადიონი სავალალო მდგომარეობაშია. მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაშია. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა სპეციალური კომისიაც კი ჩამოაყალიბა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთის განვითარების გეგმა დაიდოს და უახლოეს დღეებში სპორტის მინისტრის მიერ ეს გეგმა წარმოდგენილი იქნება, რომლის განხილვაც მოხდება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ფეხბურთის განვითარება და წინ წაწევა რთულია, თუ პირველ ეტაპზე სახელმწიფომ არ განახორციელა ინვესტიციები, რადგან ისეთივე მდგომარეობაა ყველა რაიონში როგორც ხაშურში. ინფრასტრუქტურა განადგურებულია და მშენებლობა ფუნდამენტიდან მოგვიწევს, თუმცა გადაწყვეტილებაა მისაღები, რომ დავიწყოთ და ეტაპობრივად, ყველა რაიონს მივხედოთ, რადგან ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტია და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთი იქნება ისეთივე მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ეს გარკვეული წლების განმავლობაში იყო”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები