შეიცვლება თუ არა მეეზოვეების ფორმები – “თბილსერვის ჯგუფის“ გეგმები

“თბილსერვის ჯგუფი“ მეეზოვეების ფორმების ხარისხის გაზრდას გეგმავს. ტენდერის პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც მეეზოვეების საუკეთესო ხარისხის ფორმა უნდა გამოვლინდეს, ჯერჯერობით შემუშავების პროცესშია. “კვირასთან“ საუბრისას “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ლევან ნაროუშვილი აცხადებს, რომ არსებული ფორმები, რომელიც მეეზოვეებს ზაფხულის სეზონზე აცვიათ ჰაერგაუმტარია, რაც მათ ძალიან დიდი დისკომფორტს უქმნის.
რაც შეეხება ზამთრისთვის განკუთვნილ ფორმებს, ნაროუშვილის თქმით, მომავალი წლის ზამთარში მეეზოვეებს გაცილებით დათბილული ფორმები ექნებათ. იგეგმება თუ არა მეეზოვებისთვის განკუთვნილი ფორმების დიზაინის შეცვლა მომავალში “თბილსერვის ჯგუფში“ ამ ეტაპზე კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ უკეთესი შეთავაზების შემთხვევაში გარკვეული სახის ცვლილებები ფორმების ვიზუალში მართლაც შევიდეს.
“ის ჟილეტები, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის მეეზოვეებს ზაფხულის პერიოდში აცვიათ, არის ჰაერგაუმტარი, რაც მეეზოვეებს მუშაობის პროცესში დიდ დისკომფორტს უქმნის. ამასთან დაკავშირებით წუხილი თავად მეეზოვეებს არაერთხელ გამოუთქვამთ. ასევე იგეგმება ზამთრისთვის განკუთვნილი ფორმების ხარისხის გაზრდა დათბილვის მხრივ. ტენდერით გათვალისწინებულია წყალგაუმტარი ხელთათმანების შეკერვა. ამ ეტაპზე მუშავდება ტენდერის პირობები. რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა ფორმების ვიზუალის შეცვლა, ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ კი ან არა. გამოვაცხადებთ ტენდერს, დაინტერესებული პირები მიიღებენ მასში მონაწილეობას, მოვისმენთ მათ ვერსიებს და საუკეთესოს შევარჩევთ“, – განუცხადა “კვირას“ ლევან ნაროუშვილმა.
ცნობისთვის, დედაქალაქს ყოველდღიურად 2500-მდე მეეზოვე ასუფთავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები