მარნეულში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისთვის ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით, ტერიტორიის შემოღობვა განახორციელა, მოაწყო პოლიგონამდე მისასვლელი გზები, წყალარინების არხები, ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. პოლიგონზე დამონტაჟდა 60 ტონიანი სასწორი.
სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის ნაგავსაყრელი, რომელიც 8 ჰექტარ ფართობს მოიცავს, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, სტანდარტებთან შეუსაბამოდ ოპერირებდა და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ნარჩენები სპეციალურად გამოყოფილ უჯრედებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განთავსდება, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
არაორგანიზებულად განთავსებული ნარჩენები პოლიგონთან ახლოს გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზას აბინძურებდა.
პროექტი, რომლის ღირებულება 529.929 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ლავამ“ განახორციელა. სამუშაოებისას ადგილზე 26 ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.