„ადამიანობა, ზნეობა, კეთილშობილება, ქართული სული“ – ჰოლივუდის ქართველი რეჟისორი და მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს

ამერიკაში მცხოვრები მსახიობი და რეჟისორი ბექა სიხარულიძე საქართველოში ახალ ფილმზე მუშაობს. ფილმს საკუთარი სცენარის მიხედვით იღებს, რომელზეც, როგორც თავად ამბობს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა. „ფილმი მოგვითხრობს ექიმზე. თემა არის ადამიანობა, ზნეობა, კეთილშობილება და მინდა, ნამდვილი ქართული სული ჩავდო ამ ფილმში“, – ამბობს ბექა სიხარულიძე.

10913585_794799040569150_809590402_nფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თავად შეასრულებს, დანარჩენ როლებზე დაახლოებით სექტემბრის ბოლოსთვის კასტინგი ჩატარდება, სადაც მიწვეული იქნება რამდენიმე მსახიობი მისი ფილმიდან „ბაბუს მევალე“.

ცნობილია ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც – ქართველი ტელეწამყვანი და პოეტი ლელა ნინუა, ექთნის როლს შეასრულებს.

„უნდა ვაღიარო, რომ ერთ-ერთი დიდი ოცნება ამისრულდა. ბექა ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორია. დიდი პასუხისმგებლობაა მასთან მუშაობა, მაგრამ მითხრა, რაც ხარ, ის უნდა ითამაშო და არ გაგიჭირდებაო“, – ამბობს ლელა ნინუა.

„ლელა ზაფხულში ირაკლი ნასიძესთან სახლში სტუმრობისას გავიცანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ვთვლი, რომ ძალიან გამორჩეული და ნიჭიერი ადამიანია. შემდგომ ვნახე იგი არხ „დისქოვერზე“. ამ ზამთარს, როცა კვლავ შევხვდი, ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ იგი არის უნიჭიერესი პოეტიც. მისმა პიროვნებამ ძალიან დამაინტერესა და მივხვდი, რომ ჩემი ფილმისთვის საინტერსო პერსონაჟი იქნებოდა“, – ამბობს ბექა სიხარულიძე.

კინოსურათის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.

„ფილმის სახელწოდების რამდენიმე ვერსია მაქვს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ფილმის გამოსვლაზეც საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ იმედი მაქვს, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება“, – ამბობს ბექა სიხარულიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები