ირაკლი ღარიბაშვილი: ისე უნდა ემსახურო ქვეყანას, როგორც შენს ოჯახს

მე ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული პოლიტიკით და ყოველთვის მინდოდა, დავმდგარიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი. მქონდა კერძო სექტორში საინტერესო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა, ბევრ ნიჭიერ ადამიანთან ვთანამშრომლობდი, ამ პოსტზე ჩემი წინამორბედის ჩათვლით.
ჩემთვის ასევე პატივი იყო, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავინიშნე.
დღევანდელ თანამდებობაზე მე განსაკუთრებული ხედვა მაქვს, რადგანაც ვიცი, რისი მიღება უნდა კერძო სექტორს მთავრობისაგან. მე ვიცი ბიზნესის ენა, ასევე კარგად ვიცი, რა სჭირდებათ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. როდესაც სორბონაში ვსწავლობდი, რესტორანში მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი. ქვეყნის მართვისას უკიდურესად მნიშვნელოვანია იყო გულწრფელი და შენი საქმის ერთგული. უნდა დაივიწყო პირადი ინტერესები. უნდა გახსოვდეს ერთი რამ: ისე უნდა ემსახურო ქვეყანას, როგორც შენს ოჯახს, და მოექცე შენს ხალხს ისე, როგორც შენი ოჯახის წევრებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას შეცდომებიც ჰქონდა, თუმცა მისი თქმით, გუნდი მაინც წინ მიიწევს და არ ჩერდება.
„მიღწეული წარმატებები უნდა შევაფასო არა მე, არამედ ქართველმა ხალხმა, რადგან ეს წარმატებები მას ეკუთვნის. მე კარგად ვიცი საბოლოო მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფით. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მივაღწევთ საბოლოო მიზანს, თავს ნებას მივცემ, დავფიქრდე წარსულზე და დავაფასო ჩვენი შედეგები. ამ ეტაპზე კი ამის ფუფუნება არა მაქვს, შესვენების უფლებას თავს ვერ მივცემ, წინ ხომ ამდენი სამუშაო გვაქვს.ჩვენ დღესაც ვაანალიზებთ ჩვენს მოქმედებას და შესაბამისი შესწორებებიც შეგვაქვს. აქა-იქ შეცდომებიც იყო, მაგრამ ჩვენ მაინც წინ მივიწევთ. ჩვენ არ ვჩერდებით. ეს არის განვითარების პროცესის არსი.
ჩვენ ახლა გვირაბში ვართ, მაგრამ სინათლეს უკვე ვხედავთ. ჩემი ოცნებაა, დავანახო ხალხს ეს სინათლე.
როდესაც ემსახურები შენს ქვეყანასა და ხალხს, სულ სხვანაირი მოტივაცია და ენერგია გეძლევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები