საკადრო ცვლილება სახალხო დამცველის აპარატში

საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ პაატა ბელთაძე დაინიშნა, ხოლო მოადგილედ – ნათია კაციტაძე, – ამის შესახებ „კვირას“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

როგორც “კვირას“ სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, 2014 წლის 26 დეკემბერს “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. ცვლილებამდე, სახალხო დამცველს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავდა.

საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება სახალხო დამცველის აპარატის დებულებაშიც და სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ დაინიშნა პაატა ბელთაძე, რომელიც მანამდე იყო სახალხო დამცველის მოადგილე; ხოლო, სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი, 2013–2014 წლებში, ნათია კაციტაძე დაინიშნა სახალხო დამცველის მოადგილედ.

ნათია კაციტაძემ 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორის ურთიერთობების ფაკულტეტი;

2006 წელს დაამთავრა პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ვროცლავის უნივერსიტეტში საერთაშორის საჯარო სამართალის კუთხით (ვროცლავი, პოლონეთი); 2007 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

2003–2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლში. 2008 წელს იყო გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების, რესტიტუციის და განსახლების საკითხებზე.

2009–2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით, იყო წამყვანი იურისტი და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; ასევე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში რამდენიმე პროექტის კოორდინატორი. იყო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათობით საჩივარში. 2010 წლიდან ჩართულია ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში.

არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერშიპის პროგრამის (IVLP) მონაწილე.

სხვადასხვა წლებში (2007, 2008, 2011) გაიარა პრაქტიკა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში – ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრსა (INTERIGHTS) და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრში (EHRAC).

2008 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები საერთო სპეციალობით. მოამზადა სამაგისტრო ნაშრომები და სტატიები ადამიანის უფლებათა საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები