“ბათუმში ცალკე მდგომი შენობის დაფინანსების საკითხიც იდგა, მაგრამ 2013 წლის კომპაქტში ეს პროექტი არ არის”

“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს პასუხობს.
მაღრაძის თქმით, საქართველოს მთავრობას ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დაფინანსებაზე უარი ეთქვა. მისივე განცხადებით, კორპორაცია 2013 წელს საქართველოს ხელისუფლებასთან განსხვავებულ პროექტებზე შეთანხმდა და მასში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ ფიგურირებს.
“ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ თანხა ყოფილ ხელისუფლებას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან არ მიუღია, რადგანაც 2013 წელს ხელმოწერილი კომპაქტი განსხვავებულ პროექტებს ეხება. მათ შორისაა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათელბის პროექტები და უმაღლესი განათლების პროექტში მოხვდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები. უნივერსიტეტი საქართველოში საქმიანობას 2014 წლიდან უკვე შეუდგა. წინა მთავრობასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და წარდგენილი იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის პროექტი, ცალკე მდგომი შენობის დაფინანსების საკითხიც იდგა. მაგრამ 2013 წლის კომპაქტში ეს პროექტი არ არის. ასევე არსებობს დამატებით წერილი, სადაც ამერიკული მხარე უარს აცხადებს აღნიშნული პროექტის დაფინანსებაზე. აქ მიზეზები დეტალურად განმარტებული არაა, თუმცა გამოკვეთილადაა მითითებული ბენეფიციარების მცირე რაოდენობა, პროექტის არა ხარჯეფექტიანობა და ის, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში უფრო პრესტიჟული და შეძლებული ოჯახებიდან წამოსული სტუდენტები შეძლებდნენ ამ პროექტში ჩართვას და არა ფართო ფენები, სოციალურად დაუცველი და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები”, – განაცხადა მაღრაძემ.
რაც შეეხება იდეის დონეზე არსებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და მილენიუმის მიერ უკვე დაფინანსებულ პროექტებს შორის სხვაობას, “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ის წინა მთავრობის პერიოდში არსებულ დეტალებს არ იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ დღეს არსებული პროექტებით საქართველოში უფრო მეტი თანხები იხარჯება.
“განსხვავება ისაა, რომ უფრო მეტი თანხები იხარჯება საქართველოში, ხდება პროფესორ-მასწავლებლების განვითარება და სამი უნივერსიტეტის პროგრამების გაძლიერებაიმისთვის, რომ ამ პროგრამებმა შემდგომ ამერიკული, საერთაშორისო დონის პროგრამები განახორციელონ საქართველოში და მოიპოვონ ამერიკული აკრედიტაცია. ეს მოთხოვნა პროექტში უკვე დევს. საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანატი უკვე გაიხსნა. აქ არის ამერიკელი დეკანი, რომელიც ამ პროგრამებს ხელმძღვანელობს. უკვე წელს სტუდენტები შეძლებენ საქართველოში ამერიკული განათლება მიიღონ. ამ 30 მილიონიანი პროექტიდან 14 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოხდება საქართველოში ლაბორატორიების გახსნისთვის, ასევე აშენდება ერთი ლაბორატორია”, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები