რა მიზანს ემსახურება უკანონო ფორმირებაში მონაწილეობისთვის დასჯა – წულუკიანის განმარტება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საზღვარგარეთ, უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის თავისუფლების აღკვეთით დასჯის მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან მოქალაქეების გადინება სხვა ქვეყნებში, ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილების მიზნით.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მთავრობამ 18 დეკემბრის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა.
მისივე თქმით, კოდექსში ახალი მუხლის შეტანის მიზანი ის არის, რომ საქართველოს მოქალქეების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებებში წევრობა თუ წევრის სტატუსგარეშე მონაწილეობა, წვრთნა, წვრთნის პროცესში ჩაბმა, პროპაგანდის გაწევა, პროპაგანდის შემცველი დოკუმენტის დარიგება, მოწოდება, გადაბირება იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი.
“ამგვარი საქმიანობისკენ მოწოდებისთვის, ჩვენი შეთავაზებით, არის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამგვარ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან წევრობა არის 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არის ის, რაც ჩვენ მთავრობამ პარლამენტს შევთავაზეთ და შემდეგ ამ კანონს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ არ მოხდეს გადინება ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის მიზნით, არ დაგვემართოს ის, რაც გაცილებით დიდი მასშტაბის ევროპულ ქვეყნებს დაემართათ, ეს არის საკუთარი მოქალაქეების მოგზაურობა “ჯიჰადის” მიზნით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები