ძველით ახალი წლის ღამეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 59 შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისში, ძველით ახალი წლის ღამეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 59 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ განუცხადა.
მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სასწრაფოს ცენტრში 93 ბრიგადა მუშაობდა და სულ 1710 გამოძახება დაფიქსირდა.
როგორც გვარამიამ „კვირას“ განუცხადა, 1710 გამოძახებიდან, დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკაში 350 პაციენტი გადაიყვანეს. მისივე თქმით, სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში, დეკემბერთან შედარებით, გახშირდა ვირუსული ინფექციების შესახებ გამოძახებები.
ამასთანავე, წუხელ თბილისში თვითმკვლელობის მცდელობის 2 ფაქტი მოხდა, თუმცა სამედიცინო ბრიგადების უშუალო დახმარებით ორივე შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა.
გვარამიას ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა რაიონში 11 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ავარია მსხვერპლით დასრულდა, სადაც 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა თბილისთან ახლოს, ოქროყანის გზაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო მანქანაში მსხდომმა ოთხმა მგზავრმა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები