ფადი ასლი ხიდაშელის ბრალდებებს პასუხობს – ხიდაშელის სკანდალური სტატუსის გაგრძელება

არაბი ბიზნესმენი ფადი ასლი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას პასუხობს. ასლის თქმით, მის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია საქართველოში ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სრული სიმართლეა. ის არ ეთანხმება ხიდაშელის ბრალდებას და ამბობს, რომ ინფორმაციის ფაქტებით დასაბუთება შეუძლია და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

როგორც ფეისბუქზე გამართული საუბრიდან ირკვევა, ასლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ბიზნესსექტორთან მიმართბაში შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიზნობრიობისა და სამართლიანობის გარკვევა სთხოვა.

ფეისბუქის გვერდზე, ხიდაშელისა და ასლის გუშინდელი პოლემიკა Democracy.net – ზე, ბენდუქიძესთან დაკავშირებით დაწერილი სტატიის გაგრძელებაა.

იხილეთ ბმული:  https://www.opendemocracy.net

ბიზნესმენი არ დაეთანხმა სტატიის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე წარუმატებელი რეფორმატორი იყო. ეკონომიკაზე საუბრისას კი დასძინა, რომ მართალია დღეს ბიზნესმენებს აღარ აყაჩაღებდნენ და აღარ ართმევდნენ ქონებას, მაგრამ მათი საქმიანობა მაინც იზღუდებოდა ამჯერად შემოსავლების სამსახურის მიერ. ხიდაშელმა ასლის აღნიშნული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა სთხოვა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუე იყო.

ხიდაშელმა ბიზნესმენს მისთვის იმ წერილის გაგზავნა სთხოვა, რომლითაც ასლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ისიც აღნიშნა, რომ კანონმდებლობით, შემოსავლები სამსახურის საქმიანობაში ჩარევის უფლება მას არ ჰქონდა. კომენტარის დასასრულს ხიდაშელმა ბიზნესმენს მადლობა გადაუხადა რეაგირებისთვის და წარმატებული 2015 წელი უსურვა.

როგორც კვირისთვის გახდა ცნობილი, წერილი, სადაც ასლი საქართველოს პრემიერ – მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის შესწავლას სთხოვს, 2014 წლის ნოემბერში გაიგზავნა. იგივე წერილის ასლით ბიზნესმენმა საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც მიმართა. მათ შორის არიან: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.

ნინი ჯაფარიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები