„ერთმნიშვნელოვნად კარგია, რომ ეს აბსურდული კანონპროექტი კანონად არ იქცა“

„ჩხრეკისა და ამოღების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები კანონპროექტშივე არღვევდა ადამიანის უფლებებს და ქმნიდა საშიშროებას, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ყოველგვარი განჩინების გარეშე შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანის კერძო საკუთრებაში შესვლა და ჩხრეკა“,- აღნიშნული განცხადება პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ძალოვან სტრუქტურებს კანონით მინიჭებული ექნებოდა ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ყველაზე ზემოქმედებას მოახდენდა.
„ცვლილება კანონპროექტშივე არღვევდა ადამიანის უფლებებს და ქმნიდა საშიშროებას, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ყოველგვარი ახსნა – განმარტების, არგუმენტისა და განჩინების გარეშე შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანის კერძო საკუთრებაში შესვლა და ჩხრეკა. იმის მაგივრად, რომ დაგვეწესებინა, მხოლოდ და მხოლოდ განჩინების შემთხვევაში შეიძლება ადამიანის კერძო საკუთრებაში შესვლა და ჩხრეკის ჩატარება, ახალი ხელისუფლება იღებდა კანონს, რომ საერთოდ არანაირი განჩინება აღარ ყოფილიყო საჭირო. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ კანონის გამოყენება შესაძლებელი გახდებოდა ყველა ადამიანის, მათ შორის პოლიტიკოსებისა და იმათ მიმართ, რომლებიც არავითარ კავშირში არ არიან კრიმინალთან. ძალოვან სტრუქტურებს კანონით მინიჭებული ექნებოდათ ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ყველაზე მოახდენდა ზემოქმედებას. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, კარგია, რომ ეს აბსურდული კანონპროექტი კანონად არ იქცა“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივა, რომელიც უმრავლესობამ წარმოადგინა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლში ცვლილებას ითვალისწინებდა, რომლითაც გამომძიებელს უფლება ეძლეოდა, ჩხრეკა-ამოღება ფორმალური პროცესუალური დოკუმენტის – დადგენილების გამოტანის გარეშე განეხორციელებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები