3 წლის ბავშვს ქათმის ნახარში გადაესხა და სხეულის დამწვრობა მიიღო
3 წლის ბავშვს ქათმის ნახარში გადაესხა და სხეულის მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისიდან გადაიყვანა.
მისივე თქმით, 3 წლის ბიჭს ნახარშის შედეგად ზედა კიდურები და გულ-მკერდის არე აქვს დამწვარი.
„შემთხვევა ქუთაისში მოხდა. წუხელ, გვიან ღამით კატასტროფის ბრიგადამ ბავშვი ქუთაისიდან გადმოიყვანა. პაციენტი ჩვენი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. მას მე-2-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
იზა შაქარაშვილი