პატიმართა წამების ბრალდებით საპყრობილეს 2 თანამშრომელი გასამართლდა
სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებსაც პატიმართა წამება ედებოდად ბრალად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიესაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა აქვეყნებს. პროკურატურის ინფორმაციით, პატიმართა წამებაში ბრალდებულ ჯონი ივანიშვილსა და ვლადიმერ კაპანაძეს, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, ჯონი ივანიშვილს 6 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, მას თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით ჩამოერთვა, ხოლო, რაც შეეხება ვლადიმერ კაპანაძეს, მას სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა დაუსწრებლად შეეფარდა.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სსკ-ს 1441 მუხლით მიმდინარეობდა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ჯ.ივანიშვილმა და ვ.კაპანაძემ, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ დაწესებულების დებულება და მოქმედი კანონმდებლობა, შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და ახდენდნენ მათ წამება-დაშინებას. მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. „კორიდორები“, სადაც ხდებოდა მსჯავრდებულთა გატარება და მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. სამართალდამცავებმა ჯონი ივანიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს, ხოლო ვლადიმერ კაპანაძე მიმალვაში იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა.