მამა ილია კარტოზიას საქართველოში 17 იანვარს გადმოასვენებენ

ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკის“ კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი მოძღვრის ჩამოსასვენებლად იტალიის ქალაქ ბარიში საპატრიარქოს დელეგაცია გაემგზავრა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშენიძეს განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგებისთანავე, სასულიერო პირის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.
„მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მივემგზავრებით ბარიში საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მამა ილიას ნეშთის გადმოსასვენებლად. დღეს ჩვენ მას პროზექტურიდან გადმოვასვენებთ, 16 იანვარს, პარასკევს, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ჩატარდება წირვა, მისი სულის მოსახსენიებლად და შაბათს დილით ჩამოვასვენებთ მის ცხედარს“,- განაცხადა მეუფე გერასიმე შარაშენიძემ.
მამა ილია კარტოზიას მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც ის მსახურობდა.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკს“, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა, ცეცხლი 28 დეკემბერს გაუჩნდა. მაშველებმა გემიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს. გარდაცვლილია 11 ადამიანი. სულ გემზე 400-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, მათგან რვა საქართველოს მოქალაქე იყო. შვიდის გადარჩენა მოხერხდა. მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, მოგვიანებით კი, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები