ახლად აშენებულ სახლებში განსახლების მსურველი დევნილების განაცხადების მიღება იწყება
თბილისში, დღეიდან, ახლად აშენებულ სახლებში განსახლების მსურველი დევნილების განაცხადების მიღება დაიწყება.
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნულ თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველად, 21 -წლიანი დევნილობის შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება ეძლევათ, თბილისში, ახლად აშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მიიღონ.
მისი თქმით, საბიუჯეტი ასიგნებების ფარგლებში, სამინისტრომ ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფისგან“ 598 ბინა გამოისყიდა, რომლებსაც დევნილებს საკუთრებაში გადასცემს. „14 იანვრიდან სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს აპლიკაციების მიღებას აღნიშნულ ბინებში განსახლების მსურველი დევნილებისათვის. განაცხადების მიღება 2015 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება და დევნილ ოჯახებს ბინები 2015 წლის სექტემბერში გადაეცემათ.
გარდა ამისა, სამინისტრო ახორციელებს მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პროექტს. მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პირველი კონკურსის შედეგები 29 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული კომპანიისაგან „სახლი დიღომში“ სამინისტრომ 4 ბინა შეისყიდა, აქედან ერთი სამოთახიანი და სამი – ოთხოთახიანი. აღნიშნულ საცხოვრებელ ფართებზე, სამინისტრო ასევე აცხადებს აპლიკაციების მიღებას და, კრიტერიუმების შესაბამისად, ბინის მეპატრონეები მრავალსულიანი დევნილი ოჯახები გახდებიან.
თბილისში დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 31 იანვარს გამოვლინდება მენაშენეების კონკურსის მე-2 ეტაპის გამარჯვებული სამშენებლო კომპანია. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემა სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება“,-განაცხადა მინისტრმა.