საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა დასჯადი გახდება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება გახდება.
აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული შესაბამისი ცვლილება, უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შემთხვევაში ეხება როგორც სირიასა და ერაყში, ისე უკრაინაში მებრძოლებს.
“დღეს ამას ხმამაღლა ვსაუბრობთ და კარგია, იმიტომ, რომ როდესაც არსებობს პრობლემა, მით უმეტეს უსაფრთხოების, თუკი სახელმწიფო საიდულმოებას არ ეხება საქმე, არ შეიძლება, რომ საზოგადოებრივ საკითხზე ღიად არ ისაუბრო. ამიტომ ჩვენ ამაზე ღიად საუბარი დავიწყეთ და საფრანგეთში მომხდარ ტერაქტამდე ბევრად ადრე, 18 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი თანამშრომლობით, მაგრამ მათი ინიციატივით, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გააგზავნა პარლამენტში. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, 312-ე პრიმა მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით. თუ ჩვენი მოქალაქე მონაწილეობს უკანონო ფორმირებაში, ან აქ გაიწვრთნება, ან მოწოდებას გააკეთებს, გადაიბირებს _ ეს ყველაფერი ხდება დასჯადი სისხლის სამართლის წესით, რადგან არ შეიძლება, სახელმწიფო ამ ტიპის გადინებისადმი ტოლერანტული იყოს. იგივე პრობლემა უფრო დიდი მასშტაბით უდგას გერმანიას, საფრანგეთს. მაგალითად ფრანგი მოქალაქეები ჯალათებად გვევლინებიან, ვინაიდან მიდის ახალგაზრდებისთვის ტვინის რეცხვა, ხდება მისი რელიგიური რადიკალიზაცია და ა.შ.”, – განაცხადა წულუკიანმა სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაზე საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები