სასჯელაღსრულების სამინისტრო ზაზა ხატიაშვილის განცხადების თაობაზე განმარტებას აკეთებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადების თაობაზე განმარტებას აკეთბს. უწყება არ ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს, ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატებს თინათინ ნაკაშიძესა და გოჩა გაგოშიძეს პროფესიული მოვალეობის განხორცილების უფლება უკანონოდ შეეზღუდათ.
“აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ ადვოკატების მიერ წარმოდგენილი წარმომადგენლობითი დოკუმენტი (ორდერი) არ შეესაბამებოდა თავად ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2006 წლის პირველ თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად ორდერის შედგენისას აუცილებელია რიგი რეკვიზიტების მითითება, მათ შორის: დავალების შინაარსი უნდა მოიცავდეს საპროცესო მოქმედებას და მათი შესრულების ადგილს ან ორგანოს. ასევე, დოკუმენტში უნდა აღინიშნოს ორდერის მოქმედების ვადა (რაც აღნიშნულ დოკუმენტში არ ფიქსირდებოდა).
გვსურს განვაცხადოთ, რომ არსებული ხარვეზის შესახებ ადვოკატებს 6 იანვარს ეცნობათ სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, ადვოკატებმა გაიზიარეს შენიშვნები და გამოხატეს მზაობა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სამინისტროსთვის გაუგებარია 6 დღის შემდეგ კვლავ ამ საკითხის პროტესტის ფორმით წამოწევა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოწოდებულია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვისკენ და სრულიად ემორჩილება კანონის უზენაესობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გოგი გახარიას გადადგომას ითხოვს. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, 2015 წლის 6 იანვარს ადვოკატები თინათინ ნაკაშიძე და გოჩა გაგოშიძე ონკოლოგიურ კლინიკაში მივიდნენ თავისი კლიენტის ტარიელ ფოცხვერიას მოსანახულებლად. როგორც ხატიაშვილი ამბობს, საბადრაგო სამსახურმა ტელეფონზე კონსულტაციების შემდეგ ადვოკატები არ შეუშვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან იმ მოტივით, რომ დაცვის ორდერი გამოწერილი იყო 2014 წელს და ვადა ჰქონდა გასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები