სასჯელაღსრულების სისტემის 20 თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, დისციპლინური დარღვევის გამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულების 20 თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა. კერძოდ, სამს გამოეცხადა შენიშვნა, ორს – სასტიკი საყვედური, ხოლო 15 მათგანს – საყვედური.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების პასუხისმგებლობა სხვადასხვა ტიპის დისციპლინურმა დარღვევებმა გამოიწვია. აღნიშნული პირების ქმედებებით, სხვადასხვა შემთხვევაში დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი და პრეზიდენტის N832 ბრძანება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, ასევე უგულებელყოფილი იქნა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.