ნიკოლოზ მჟავანაძე: ღვთისმსახურის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა დასჯადი უნდა იყოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვის კანონით დასჯის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.
იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანოს.
,,საშობაო ლიტურგიის შემდეგ კვლავ გააქტიურდნენ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მებრძოლი ძალები, მათ ჩვეულებისამებრ შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს საჭეთმპყრობელს და ეკლესიას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიტანოს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმადაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” დაემატება სპეციალური მუხლი. კერძოდ, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველი გახდება. ამგვარი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000-დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.
აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ვერც ,,იდენტობა’’ და ვერც ნინია კაკაბაძე, გურჩიანი თუ მსგავსი პერსონები ვეღარ გაბედავენ მილიონობით მორწმუნე გრძნობების შეურაცხყოფას და პატრიარქზე და ეკლესიაზე ხელაღებით საუბარს. ზოგიერთი ცდილობს, საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიით და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრით თავიანთი ბინძური ზრახვები განახორციელოს.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ კატეგორიულად გმობს მედიაზე თავდასხმას და ასევე თვლის, რომ დაუშვებელია საქართველოში სიწმინდეების შეურაცხმყოფელი კარიკატურებისა და პოსტების დაბეჭდვა, როგორც ეს ,,შარლი ებდოში“ მოხდა.
ვინმეს თუ ჰგონია, საქართველოში დავუშვებთ ქრისტეს და ღვთისმშობლის კარიკატურების დაბეჭვდას, ძალიან ცდება. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც მეტეხთან ხატებს არ გადააბიჯა, რის გამოც მტკვარი სისხლად შეიღება და ერთ დღეს 100 000-მა მოწამემ ქრისტიანობისთვის თავი დასდო. ამიტომ ზოგიერთ ავადმყოფს ვურჩევ, რაიმე მსგავსის გაკეთება არც გაიფიქროს. ის, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავა, უმკაცრესად დაისჯება“, – აცხადებს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები