ალექსანდრე ჭიკაიძემ ფრანგ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ბერნარ კაზენიოვს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ალექსანდრე ჭიკაიძე შს სამინისტროს სახელით მკაცრად გმობს სატირული ჟურნალის „შარლი ჰებდოს“ თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს.
როგორც შს მინისტრი აღნიშნავს, ეს იყო პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებზე, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სატირული ჟურნალის „შარლი ჰებდოს“ თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაშავდა ათზე მეტი და ტრაგიკულად დაიღუპა თორმეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სხვების უსაფრთხოების დასაცავად. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებზე, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მსურს ჩვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოვუცხადო ფრანგ ხალხს ამ მძიმე და მწუხარე დროს. ჩვენ ფიქრებითა და ლოცვებით ვართ ფრანგ ხალხთან, დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც შეეხო ეს საზარელი აქტი.
ჩვენ ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დემოკრატიის დასაცავად. პატივისცემით, ალექსანდრე ჭიკაიძე“,-აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები